«

»

ტურისტულ ტერმინთა ინგლისურ-ქართული განმარტებითი ლექსიკონი (2006)

“ტურისტულ ტერმინთა ინგლისურ-ქართული განმარტებითი ლექსიკონი” მოიცავს ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული ისეთი სფეროების ტერმინებსა და ფრაზებს (7000-მდე ერთეულს), როგორებიცაა: დაზღვევა; გადაზიდვები; განთავსება; გართობა (ატრაქციები); კვება; მოგზაურობა; კულტურული და ბუნებრივი ძეგლები; ეკოლოგია; ტურისტული ინდუსტრია; ტურისტული ინფრასტრუქტურა; ტურისტული მომსახურება; ტურისტული ღონისძიებები; ტურიზმის სფეროს პროფესიები, ტრენინგები და დასაქმება; ტურიზმის სექტორები; ტურიზმის ეკონომიკა; ტურიზმის კანონმდებლობა; ტურიზმის პოლიტიკა; ტურიზმის რეკლამა და ა.შ.

British Library Integrated Catalog

წინათქმა

ეკონომიკის ნებისმიერი დარგის განვითარების ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს ერთიანი ტერმინოლოგია და ამ ცნებათა გაგების საფუძვლები, რაც, თავის მხრივ, ეფუძნება ტერმინებისა და სინტაგმების სწორ და ცალსახა განმარტებას. დღეს ქართული ტურიზმი ობიექტურ სიძნელეებს განიცდის, თუმცა მისი სახელმწიფოებრივი აღიარება და განვითარების ინდუსტრიული მიზანდასახულობა შეიძლება შემდგარ ფაქტად ჩაითვალოს. სხვა ფაქტორებთან ერთად, საქართველოს ტურიზმის განვითარება დიდად არის დამოკიდებული ერთიანი, ინგლისურთან შეთავსებადი ტერმინებისა და დეფინიციების შემუშავებაზე. როგორც საერთაშორისო, ისე საქართველოს ტურიზმის სექტორში სრულყოფილი ინფორმაცია უაღრესად მნიშვნელოვანია იმგვარი პოლიტიკის შესამუშავებლად, რომელიც უზრუნველყოფს ტურიზმის მდგრად განვითარებას. ბოლო წლების განმავლობაში მთელ მსოფლიოში საგრძნობლად გაიზარდა ტურისტულ ინდუსტრიასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოცულობა, მნიშვნელოვნად იმატა ტურიზმის სფეროს დოკუმენტაციის კომპიუტერიზებულმა სისტემებმა და, შესაბამისად, გაიზარდა მათი მომხმარებლების მოთხოვნა ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე. საქართველოში და საერთაშორისო დონეზე არსებული ტურიზმის სფეროს სხვადასხვა ფაქტორებისათვის საერთო ენის შესამუშავებლად,  მონაცემების მოპოვებისა და გაცვლა-გამოცვლის ხელშესაწყობად დაისახა ამოცანა, შექმნილიყო წინამდებარე ორენოვანი განმარტებითი ლექსიკონი. მსგავსი ლექსიკონის არარსებობით გამოწვეული ტერმინოლოგიური სიძნელეები ავტორმა საკუთარ თავზე გამოცადა ტურიზმის თემაზე ორიგინალურ და თარგმნით სახელმძღვანელოებზე მუშაობისას. იგი იმედოვნებს,  რომ ეს ლექსიკონი მის კოლეგებს მომავალ მუშაობას გაუადვილებს. სწორედ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შესაბამის მსოფლიო გამოცდილებაზე დაყრდნობითა და დარგის უცხოელ და ქართველ სპეციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობით მომზადდა “ტურისტულ ტერმინთა ინგლისურ-ქართული განმარტებითი ლექსიკონი”. აღსანიშნავია, რომ წინამდებარე ნაშრომი, როგორც ტურიზმის განმარტებითი ლექსიკონი, საქართველოში ამ ტიპის პირველი გამოცემაა და მას თემატური მომცველობის თვალსაზრისით ანალოგი არც უცხოეთში მოეპოვება. ამავე დროს, ავტორს გამიზნული აქვს ნაშრომის პერიოდულად გადასინჯვა და განახლება იმ მიზნით, რომ მასში აისახოს ტურიზმის დარგში დამკვიდრებული ტერმინოლოგიის გარდაუვალი ევოლუცია და, შესაძლებლობის ფარგლებში, შემუშავდეს ტურიზმის ქართული ტერმინოლოგია. წინამდებარე ნაშრომი, უცხოეთში არსებული ლექსიკონებისაგან განსხვავებით, ტურიზმთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროს ტერმინებს აერთიანებს. ავტორი ფიქრობს, რომ ამგვარი სპეციფიკური და უნივერსალური მიდგომების სინთეზი ხელს უწყობს ტურიზმის, როგორც დარგთაშორისი კომპლექსის,  სრულყოფილად წარმოდგენას. აქ ტურიზმი წარმოდგენილია არა როგორც ცალკე (ავტონომიური) დარგი, არამედ როგორც სემანტიკური ღერძი, რომელიც აერთიანებს რამდენიმე სემანტიკურ ველს. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ თითოეული ელემენტის ღირებულება შეფასდეს მოპოვებული ვრცელი ლექსიკის გათვალისწინებით. ტურიზმის ფენომენისადმი ასეთმა მიდგომამ შესაძლებელი გახადა ტერმინები შერჩეულიყო ტურისტული საქმიანობის ისეთი სფეროებიდან,  როგორებიცაა:

 

  • დაზღვევა;
  • გადაზიდვები;
  • გამოფენები და ბაზრობები;
  • განთავსება;
  • გართობა (ატრაქციები);
  • კვება;
  • მეცნიერება და ინფორმაცია;
  • ეკოლოგია;
  • კურორტოლოგია;
  • მოგზაურობა;
  • გეოგრაფია (ქვეყნები და ქვეყნების ჯგუფები);
  • სამედიცინო მომსახურება;
  • კულტურული და ბუნებრივი ძეგლები;
  • სპორტის სახეობები;
  • ტურიზმის სფეროს პროფესიები;
  • ტრენინგები და დასაქმება;
  • ტურისტული ინდუსტრია;
  • ტურისტული ინფრასტრუქტურა;
  • ტურისტული მომსახურება (სერვისი);
  • ტურისტული ღონისძიებები;
  • ტურიზმის სექტორები;
  • ტურიზმის  ეკონომიკა;
  • ტურიზმის  კანონმდებლობა;
  • ტურიზმის  პოლიტიკა;
  • ტურიზმის რეკლამა, “პრომოუშენი” და სხვ.

ნაშრომი, როგორც აღვნიშნეთ, ეფუძნება თანამედროვე ნაშრომებსა და ლექსიკონებს, რომლებიც ბოლო წლებში საზღვარგარეთის ქვეყნებში გამოიცა ტურიზმთან და მომსახურების სფეროსთან დაკავშირებით. ტურიზმის დარგის სწრაფი ევოლუცია იწვევს ტერმინთა მეტი სიზუსტით გააზრების აუცილებლობასა და მათ შესაბამის ცვლილებას, რასაც ავტორი ასევე ითვალისწინებდა მოძიებულ მასალაზე მუშაობისას. ლექსიკონის შედგენის საფუძვლად აღებული მეთოდოლოგია მიზნად ისახავს ქართული ტერმინების ავტომატური თარგმანის თავიდან აცილებას ან მათ პირდაპირ გამოყენებას. სწორედ ამიტომაც განმარტებები დროისა და ჩვენი ქვეყნის თავისებურებების გათვალისწინებით ხშირად განიცდიდა სახეცვლილებას, მაგრამ ავტორი მაინც ცდილობდა ყველა ტერმინის საფუძველი ყოფილიყო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ მიღებული დეფინიციები. უნდა აღინიშნოს, რომ უმეტეს შემთხვევაში ამა თუ იმ ლექსიკური ერთეულის ბუნებრივი პოლისემიურობა წარმოდგენილია მხოლოდ სპეციფიკური კუთხით, ანუ ტურიზმთან დაკავშირებული მნიშვნელობით. ლექსიკონი შედგენილია როგორც ტურიზმის სფეროს პროფესიონალებისათვის, ისე არაპროფესიონალთათვის, მისი გამოყენება შეუძლია ყველას,  ვისაც ტურიზმი და მოგზაურობა აინტერესებს. ზოგადად, სპეციფიკური სფეროს ენის შექმნისას მთავარ სირთულეს წარმოადგენს ინფორმაციის ოდენობის განსაზღვრა. სწორედ ამ ოდენობაში უნდა შევიდეს ის სიტყვები და ფრაზები,  რომლებიც დარგის ენას ქმნის. ტურიზმთან დაკავშირებით დაისმის კითხვები: – უნდა მივიღოთ ტურიზმის უფრო ვიწრო, მაგრამ ცალსახად გამოკვეთილი კონცეფცია, რომელიც სისტემურად გამორიცხავს ამ საქმიანობის მიმართ ყოველივე არასპეციფიკურს? – თუ უნდა იყოს მიღებული ტურიზმის უფრო ფართო კონცეფცია, რომელშიც ტურიზმთან ინტეგრირებული იქნება ისეთი სფეროები,როგორებიცაა: ეკონომიკა, მემკვიდრეობა, კულტურა, სოციოლოგია, სამართალი, პოლიტიკა და ა.შ.? (ტურიზმის უფრო ვიწრო განსაზღვრება კი დარჩება მხოლოდ ერთ-ერთ “ასპექტად” ან “რუბრიკად” სხვადასხვა ტიპის საქმიანობების გვერდით). ეს პრობლემა ნაკლებად მწვავეა სპეციალიზებული, ტექნიკური საქმიანობის სფეროში, რადგანაც ასეთ შემთხვევაში დარგის კონტურები შედარებით იოლი დასადგენია და, შესაბამისად ამისა, არსებობს გამოკვეთილი ტერმინოლოგიური (ლექსიკური) ველი. ამის საპირისპიროდ,  უფრო რთულია ტურისტული საქმიანობის კონტურების დადგენა, რადგანაც მისი ასპექტები და მასთან დაკავშირებული დარგები გაცილებით ფართოა უშუალოდ ტურიზმის სფეროსთან შედარებით. რეალურად ტურიზმი მჭიდროდ არის დაკავშირებული სხვა სოციალურ საქმიანობებთან,  რომლებიც ბევრად უფრო ფართო საზღვრებს მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ყველა მონათესავე საქმიანობა თავისთავად (უშუალოდ) არ არის მნიშვნელოვანი ამ სამუშაოსათვის,  მთლიანობაში სწორედ ისინი ავსებენ თანამედროვე ტურიზმის ფენომენის მნიშვნელობას. ამიტომ ავტორმა ლექსიკონის შედგენისას გამოიყენა ზემოთ მოყვანილი დარგების ტერმინთა არცთუ უმნიშვნელო ნაწილი. მაგ., წმინდა ეკონომიკიდან გამოყენებულია ისეთი ტერმინები,  რომლებიც უშუალო კავშირშია ტურიზმთან, როგორც ეკონომიკის დარგთან. ტერმინები წარმოდგენილია არსებითი სახელებითა და სინტაგმებით (არსებითი სახელებისა და მათი თანმხლები ზედსართავების კომბინაციით). შემოკლებები (აბრევიატურები) არ გამოიყენება,  როგორც დესკრიპტორები,  რადგანაც მათი განმარტებები ცალკე დანართში არის მოცემული. ლექსიკონი მოიცავს ბევრ ისეთ შედგენილ ტერმინს, რომლებიც ტურიზმის ლექსიკის ნაწილს წარმოადგენს და რომლებიც აუცილებლად უნდა შევიდეს ტურიზმის სხვადასხვა მიმართულების მიმოხილვაში. თუმცა, ამგვარი ტერმინები ზოგ (იშვიათ) შემთხვევაში სამზე მეტი სიტყვისა ან ფრაზისაგანაც შედგება. ყველა სხვა დესკრიპტორი ერთ ან ორ სიტყვას მოიცავს. ყველა ქართული დესკრიპტორი არის მხოლობით ფორმაში, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა. გერუნდივები გამოიყენება საქმიანობებისა და პროცესების აღსანიშნავად. ხოლო ზედსართავები, ზმნიზედები და ზმნები ცალკე ტერმინთა სახით შედარებით იშვიათად გვხვდება. ლექსიკონი, როგორც ითქვა, დაახლოებით 7 000 ტერმინისა და ფრაზისაგან შედგება. ლექსიკონი დალაგებულია ინგლისური ანბანური სიის მიხედვით. ანბანური სია წარმოადგენს ლექსიკონის ძირითად ელემენტს. დესკრიპტორები წარმოდგენილია მუქი შრიფტით და მათ ახლავს ლინგვისტური ეკვივალენტები და დეფინიციები. აუცილებელ შემთხვევაში ასევე მოცემულია ზოგიერთ ტერმინთან დაკავშირებულ დესკრიპტორთა ჯგუფების სია; ჯგუფის სათავეში განთავსებული დესკრიპტორი არის ზოგადი ტერმინი და გამოყოფილია მუქი შრიფტით;

მაგალითად:

advertisement,  ad –  სარეკლამო განცხადება,  რეკლამა.

consumer ~ –  მომხმარებელზე გათვლილი რეკლამა; media ~ – მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში განთავსებული რეკლამა; selective ~ – მომხმარებელთა გარკვეულ ჯგუფზე გათვლილი რეკლამა.

ლექსიკონის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს დანართები. მათი  მნიშვნელობა განისაზღვრება არა მარტო იმ ინფორმაციით,  რომელიც მკითხველმა შესაძლებელია დანართების გაცნობისას მიიღოს, არამედ იგი დაეხმარება ტურისტულ კომპანიებსა და ტურისტული საქმიანობით დაკავებულ ადამიანებს, თავისუფლად შეადგინონ მარშრუტი, შეარჩიონ საექსკურსიო, ტურისტული ობიექტი ტურისტის მოთხოვნების მიხედვით, დაუკავშირდნენ საელჩოს ან საკონსულოს, მისცენ კომპეტენტური რჩევა და შესთავაზონ ტურისტს მისთვის საინტერესო მომსახურება… დანართში წარმოდგენილია შემდეგი განყოფილებები:

1. გეოგრაფია (ქვეყნები და ქვეყანათა ჯგუფები); 2. საყოველთაოდ მიღებული შემოკლებები (აბრევიატურები); 3. მუდმივმოქმედი საერთაშორისო ტურისტული გამოფენები; 4. ქალაქებისა და საერთაშორისო აეროპორტების კოდები; 5. ავიახაზების კოდები; 6. ადგილობრივი დრო მსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქებში; 7. საერთაშორისო სატელეფონო კოდები; 8. მსოფლიოს ქვეყნების ვალუტა (ხურდა ფულისა და IშO-ს კოდების მითითებით); 9. საერთაშორისო სახალხო დღესასწაულები; 10. საერთაშორისო რელიგიური დღესასწაულები; 11. ქართული რელიგიური დღესასწაულები; 12. ეროვნული დღესასწაულები; 13. მსოფლიოს სასტუმროთა ჯაჭვების სია (ვებგვერდების ჩვენებით); 14. სასტუმროს მომსახურების სახეობები (მანიშნებლების, პიქტოგრამების ჩვენებით); 15. საერთაშორისო დღესასწაულები, ფესტივალები, კარნავალები (ვებგვერდების ჩვენებით); 16. საზღვარგარეთის სახელმწიფოების საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობები საქართველოში (მისამართების,  ტელეფონებისა და ელფოსტის ჩვენებით); 17. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები საზღვარგარეთ (მისამართების, ტელეფონებისა და ელფოსტის ჩვენებით); 18. საქართველოს კურორტები (რესურსებისა და სამკურნალო ფაქტორების ჩვენებით); 19. თბილისში არსებული რელიგიური ნაგებობები (ყველა კონფესია, მისამართების მითითებით); 20. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები საქართველოს ქალაქებისა და რაიონების მიხედვით (ადმინისტრაციული ცენტრისა და თბილისიდან მანძილის ჩვენებით); 21. ტანსაცმლის ზომების თანაფარდობა; 22. საზომი ერთეულების ცხრილი.

ავთანდილ არაბული ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ავტორი მადლობას უხდის ყველას, ვინც დიდი დახმარება გაუწია ლესიკონის შედგენასა და მასზე მუშაობის პროცესში, მათ შორის – ექსპერტთა ჯგუფს:

1. ზაირა ღუდუშაური – ეკონ. მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (ეკონომიკა)
2. გია ქაჯაია – ბიოლ. მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (ეკოლოგია)
3. სანდრო მარუაშვილი – ისტ. მეცნიერებათა დოქტორი (საქართველოს ხუროთმოძღვრული ძეგლები)
4. ნანა ჯაკობია – თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი – საქართველოს კურორტოლოგიის,  ფიზიოთერაპიის,  რეაბილიტაციისა და სამკურნალო ტურიზმის ს/პ ცენტრის მთ. ექიმი (კურორტები)
5. იური სუხიტაშვილი – თბილისის საავიაციო უნივერსიტეტის დოცენტი (გადაზიდვები)
6. თამარ ჩილინგარაშვილი _ მედ. მეცნიერებათა დოქტორი (სამკურნალო ტურიზმი)
7. მანანა ვასაძე – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უფრ. მასწავლებელი,  ექსპერტი (განთავსება,  კვება) 8. ნინო ოსიტაშვილი – სასტუმრო „ვერე-პალასი, მენეჯერი (განთავსება)
9. ნინო გამრეკელი – საგამოფენო ცენტრი “ექსპო-ჯორჯია, პროექტის მენეჯერი (გამოფენები,  რეკლამები) 10. მანუელ ფაუდესი – ექსპერტი (კვების მომსახურების ინდუსტრია)
11. ლელა გარსევანიშვილი – საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის მეორე მდივანი (ინგლისური ენა)
12. მანანა ქუთათელაძე – (თბილისის რელიგიური ძეგლები)
13. ნიკა ერქომაიშვილი – ტურისტული კომპანია “ექსპლორ-ჯორჯია”, პრეზიდენტი (საერთაშორისო ტურიზმი)
14. გიორგი კალანდაძე – ტურისტული კომპანია “გეორგიკა-თრეველი”, პრეზიდენტი (საერთაშორისო ტურიზმი)
15. მარიკა გორგაძე – ტურისტული კომპანია “ამერიკან-ექსპრესი”, მენეჯერი (საერთაშორისო ტურიზმი)
16. ია თაბაგარი – კომპანია “კავკაზუს-თრეველი”, მენეჯერი (საერთაშორისო ტურიზმი)

სარედაქციო კოლეგია:

მიხეილ ჯიბუტი – ეკონ. მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ავთანდილ არაბული – ფილოლ. მეცნიერებათა დოქტორი,  პროფესორი
მიხეილ ქურდიანი – ფილოლ. მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ნიკოლოზ სააკაშვილი – მედ. მეცნიერებათა დოქტორი
დავით ონოფრიშვილი – ეკონ. მეცნიერებათა დოქტორი
ირინა გოგორიშვილი – ეკონ.მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
თამარ ლომიძე – ფილოლ. მეცნიერებათა დოქტორი

 

4 comments

Skip to comment form

  1. იზოლდა ხასაია

    ქალბატონო მარინა ,
    გილოცავთ საკუთარი ვებ გვერდის გახსნას.
    წარმატებული ქალბატონი ბრძანდებით და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ.
    ტურიზმი საქართველოს მომავალია და თქვენც დიდი წვლილი შეგაქვთ კვალიფიციური კადრების ჩამოყალიბებაში.
    ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!
    პატივისცემით,
    იზოლდა ხასაია

    პროფესორი,
    ასოციაცია “ტურიზმი მშვიდობისა და განვითარებისათვის” თავმჯდომარე
    ტელ: +995 99 11 15 01
    (8231)2 00 86
    ელ ფოსტა: tourismpd@yahoo.com
    khasaia_izolda@yahoo.com

  2. ნუცა

    გილოცავთ ქალბატონო მარინა
    ძალიან მომეწონა თქვენი ვებ-გვერდი, კარგია რომ დიდი და საინტერესო ფოტო და ვიდეო მასალა დევს.. და რათქმაუნდა, რაც მეტად იქნება ინფორმაციულად დავტირთული, მით უკეთესია.
    კიდევ და კიდევ წინსვლას და წარმატებებს გისურვებთ
    ძალიან მიყვარხართ
    პატივისცემით,
    ნუცა ბეჟანიშვილი

  3. ნათია

    ნატია

  4. Chilton@hotmail.com

    Good day from Asia, today i . I read your good information it helps me for my blog, thank you mate. Regards

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>