ტურიზმის თეორია (2004, 2008)

 

წინათქმა

წინამდებარე წიგნი განკუთვნილია მკითხველისათვის, რომელიც ორიენტირებულია ტურიზმის, როგორც ბიზნეს-საქმიანობისა და კვლევის საგნის პროფესიულ შესწავლაზე. ტურისტული ტერმინოლოგიის და ფუძემდებლური ცნებების (დეფინიციების) საკმაოდ დეტალური განმარტება უაღრესად მნიშვნელოვანია იმ ურთულეს პროცესებში ჩასაწვდომად, რომლებიც პრაქტიკულად მოიცავენ ტურიზმის პროცესთან დაკავშირებულ ადამიანის ცხოვრების ყველა მხარეს, მათი რეგულირებისა და განხორციელების პრინციპების ფორმირების საკითხებს.

კაცობრიობას საქმიანობის რამდენიმე სახეობა გააჩნია, რომელთა წარმოშობა და ცხოვრების ციკლი მარადისობაში, დროის ორივე მხარეს იკარგება. ადამიანი ბუნებით ისეა აგებული, რომ ის ყოველთვის ცდილობს თავისი მსგავსი არსების შექმნას, გააჩნია ცხოვრების ხანგრძლივი, ან მოკლე ციკლი, სიკვდილის მომენტი, მაგრამ ისე ხდება, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე მას მუდმივად უჩნდება დასვენების მოთხოვნილება, რასაც ის სიამოვნებით აკეთებს და რის გარეშეც არც ერთ ორგანიზმს არ ძალუძს გადარჩენა. ეს მარტივი, მაგრამ თავისი შინაარსით ღრმა თეზისი საშუალებას გვაძლევს განვმარტოთ “დასვენება”, როგორც ნებისმიერი ადამიანის საარსებო მოთხოვნილება, ხოლო ტურიზმი კი, როგორც მისი საორგანიზაციო საშუალება – საქმიანობის მუდმივი კატეგორია.
პლანეტის ბინადარნი – მათი სქესის, ასაკის, საცხოვრებელი ადგილის, ეროვნებისა და საზოგადოებრივი მდგომარეობის მიუხედავად, ფარაონების ხანიდან დღემდე ყოველთვის ისვენებდნენ, ისვენებენ და მომავალშიც დაისვენებენ. კაცობრიობის ცხოვრების ყოველ ეპოქაში შეიმჩნევა ელემენტები, რომლებიც მეტნაკლებად შეიძლება ტურიზმს დავუკავშიროთ. ნებისმიერი საზოგადოებრივი ფორმაციის პირობებში ტურიზმისა და მოგზაურობის სფეროში მომსახურე ადამიანებისათვის მოიძებნება ადგილი და სამუშაო, ხოლო მდგომარეობათა ხელსაყრელი დამთხვევისას, ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან შემოსავლითა და პატივისცემით.
გამონაკლისი არც დღევანდელობაა, პირიქით, კაცობრიობის უფრო და უფრო დიდი ნაწილი ინტერესდება ტურისტული საქმიანობით და სიამოვნებისა და გართობის ახალ საშუალებებს ქმნის.
აქედან გამომდინარე ხალხი, რომელთაც თავიანთი საქმიანობის სფერო ტურიზმის ორგანიზებასა და მოგზაურობათა უზრუნველყოფას დაუკავშირეს, საკმაოდ გონივრულად მოიქცნენ. ის კი, ვინც ჯერ არ მისულა ამ გადაწყვეტილებამდე, ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ, უთუოდ შეუერთდება ზემოთ მოყვანილ ადამიანთა რიგებს.
წინამდებარე წიგნში მოტანილი ძირითადი ტერმინოლოგიის განმარტება ეყრდნობა მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის  (UNWTO) რეკომენდაციებს, მაგრამ იმავდროულად ეროვნულ პრაქტიკასა და ტრადიციებს ითვალისწინებს.
ნებისმიერ საქმიანობაში, განსაკუთრებით კი ისეთში, რომელიც საერთაშორისო გარიგებებს უკავშირდება,  აქტუალურია დეფინიციის საკითხი. ეს უკანასკნელი მხარეებს საშუალებას აძლევს ჩაწვდენ შემოთავაზების შინაარსს, ადეკვატურად შეაფასონ გარიგების პირობები, ნორმატიული აქტების პრინციპები და მდგომარეობა. გამოყენებული ტერმინების კოლიზიას შეიძლება საკმაოდ არასასურველი შედეგები მოჰყვეს, რაც მხარეთა შემდგომი მოქმედებით იქნება გამოწვეული.
ტურიზმის – როგორც ტერმინის ფესვები ფრანგული ენის სათავეებში უნდა ვეძიოთ. ტურიზმის თეორიის აპოლოგეტებს შორის ტურისტული ტერმინების განმარტება ყოველთვის არის მწვავე დისკუსიის საგანი. ეს ეკონომიკაცაა და პოლიტიკაც, ამასთან უკანასკნელი საკმაოდ არსებით ზეგავლენას ახდენს მოვლენათა განსაზღვრაზე. საზოგადოებრივი ურთიერთობების, ტურიზმისა და მისი დარგების განვითარების სწრაფი ტემპისა და ფორმირების შესაბამისად იცვლება ტურისტული ტერმინოლოგიაც. საუწყებო ნორმატიულ აქტებში ვოლუნტარული განმარტებების და დამახინჯებული ტერმინების გამოყენება ტურისტულ ფორმალობებში სირთულეებს წარმოშობს.
არასწორი განმარტებების არსებობა, ასევე მათი გამოყენება მოვლენათა ეკონომიკური და პოლიტიკური არსის გათვალისწინების გარეშე იწვევს სერიოზულ გართულებებს, რომლებიც თავს იჩენს ტურიზმის სტატისტიკური მაჩვენებლების შეფასებისა და მათი ანალიზის დროს. გაცილებით რთულია შეთანხმების მიღწევა, თუ ერთ ნორმატიულ აქტში ან თუნდაც სახელმწიფო სტანდარტში ხდება აღრევა დოკუმენტების ისეთი დასახელებებისა, რომელთაც მინიჭებული აქვთ მკაცრი ანგარიშგების დოკუმენტების სტატუსი.
რიგ ქვეყნებში შეთანხმება ტურისტული ტერმინების გამოყენებასთან და განმარტებასთან დაკავშირებით ეროვნული ასოციაციების და ტურისტული კავშირების კომპეტენციაში შედის. მაგ., დიდ ბრიტანეთში ძირითადი ცნებები, რომელთა გამოყენებაც რეკომენდებულია კლიენტებთან საკონტრაქტო სამუშაოებისა და ტურისტულ ორგანიზაციებთან გარიგებების დროს, თავმოყრილია წიგნში “ტუროპერატორების კოდექსი” (Tour Operator’s Code of Conduct) – ტურისტული სააგენტოების ბრიტანული ასოციაცია Association of British Travel Agents (ABTA). ამიტომ, აქ ტერმინოლოგიის პრობლემა საკმაოდ მარტივად წყდება. ბრიტანეთში ტურიზმის სფეროში, ტუროპერატორად ან ტურაგენტად, მუშაობა შეუძლებელია ABTA-ს წევრობის გარეშე, ხოლო ასოციაციის წევრი კი ვალდებულია შეასრულოს ასოციაციის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები და მითითებები.
ძირითადად საერთაშორისო სტატისტიკის პრინციპებზე შეთანხმების მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციები გამუდმებით უბრუნდებიან ტერმინოლოგიის განმარტებათა თემას. 1937 წელს საერთაშორისო ტურისტის (International Tourist) განმარტება მოცემულ იქნა ერთა ლიგის სტატისტიკის ექსპერტთა კონფერენციაზე. 1975 წელს შეიქმნა საერთაშორისო ტურისტული ორგანიზაცია, რომელმაც კორექტივები შეიტანა ტურისტის განმარტებაში, შემოიღო ექსკურსანტის (Excursionist) და ტრანზიტული მოგზაურის (Transit Traveller) ახალი ცნება და მკაფიოდ გამიჯნა მოგზაურთა ეს კატეგორიები ტურისტის კატეგორიისგან. ქვეყნების განსაზღვრული ჯგუფური და ეკონომიკური ინტერესები არსებით ზეგავლენას ახდენს ძირითად ცნებათა განმარტებებზე, რომლებიც მიღებულია ტურიზმის სფეროში გარკვეული ურთიერთობების მარეგულირებელი ეროვნული ნორმატიული აქტების საფუძვლად.
მოცემულ გამოცემაში ამოღებულია თავი “ტურისტული განათლების სისტემა”. მის ნაცვლად, მკითხველთა თხოვნით, წიგნში ჩართულია თავი “ტურისტული პროდუქტის თეორია”, რომელსაც არსებითი მეთოდური მნიშვნელობა და სარგებლიანობა აქვს.

წიგნი თარგმნა, ქართველი მკითხველისათვის მოამზადა და გამოსცა:
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მარინა მეტრეველმა

კორექტორი:
თამარ ბუკია, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

.

ქართველ მკითხველს!

მიხეილ ბირჟაკოვი

თქვენ წინაშეა წიგნი ტურიზმის შესახებ, იგი განკუთვნილია სხვადასხვა სახის მკითხველისათვის. წიგნის რთულ თეორიულ თავებშიც კი მოცემული მასალა გადმოცემულია უბრალო და გასაგები ენით. მისი წაკითხვა და აღქმა შეუძლიათ, როგორც უმაღლესი სკოლის სტუდენტებს, ასევე პოტენციურ ტურისტსაც, რომელიც თავისი შვებულების სასიამოვნოდ გატარებას გეგმავს. წიგნში ბევრ სასარგებლო რჩევას მიიღებს ტურისტული ფირმის ან ტურისტული ინდუსტრიის ნებისმიერი საწარმოს და სოციალური სფეროს ადმინისტრაციული მუშაკები, რომელთათვის წიგნი “ტურიზმის თეორია”- ყოველდღიურ საქმიანობაში სამაგადო წიგნი გახდება. რაღა თქმა უნდა სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული თავები შეიცავს აუცილებელ ინფორმაციას ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის. წიგნი “ტურიზმის თეორია” მაღალპროფესიული, კარგად აპრობირებული და მრავალჯერ გამოცემული სახლმძღვანელოა, რომლითაც რუსეთისა და დსთ-ს ქვეყნების უმაღლესი სკოლის სტუდენტები ათ წელზე მეტია, მასში მოცემული თეორიული თავების დეტალური შესწავლით, ითვისებენ სხვადასხვა ტურისტული დისციპლინების ზოგად საფუძვლებს.
აღსანიშნავია, რომ ტურიზმი, ერთი შეხედვით უბრალო, მაგრამ თავისი ტექნოლოგიით მრავალმხრივი და რთული პროცესია, რომელიც ტურიზმის მოძრაობის აპოლოგეტების მიერ მუშავდებოდა 150 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ტურიზმი რეალურად – მრავალმხრივი ცხოვრება, დასვენებისა და ფიზიკური და სულიერი ძალების აღდგენის წესია. ტურიზმი სჭირდებათ ადამიანებს დამოუკიდებლად ასაკის, სქესის, ეროვნების, რასის, რელიგიისა და პოლიტიკისა.
ტურისტული ბიზნესი შემოსავლიანი და მომგებიანია, მაგრამ ყველა ადამიანი, ვინც გადაწყვეტს ტურიზმში საქმიანობას, ვერ აღწევს წარმატებას. ძირითადი პრინციპების უმნიშვნელო დარღვევასაც კი შეუძლია ტურისტულ ბიზნესში ჩადებული შრომა წყალში ჩაყაროს. მეორე მხრივ კი წარმატებული და განსწავლული ბიზნესმენები, რომლებიც რაციონალურად იყენებენ საბაზო დოგმებს, ყოველთვის აღწევენ წარმატებებს.
წიგნი პირველად ითარგმნა ქართულ ენაზე და ხელმისაწვდომი გახდა ქართველი მკითხველისათვის, განსაკუთრებით კი საქართველოს ტურიზმის საშუალო და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთათვის.
მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ქალბატონ მარინა მეტრეველს, ტურიზმის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილ წევრს, რომელმაც დიდი შრომა გასწია წიგნის თარგმნის, ქართველი მკითხველისათვის განკუთვნილი ადაპტირებისა და გამოცემისათვის.
მკითხველებს კი ვუსურვებ, რომ წიგნის წაკითხვით მიეღოთ სასარგებლო ცოდნა, რომელიც დაეხმარებათ დასახული მიზნების მიღწევაში.

8 Responses

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *