ტურიზმი და გარემოს დაცვა (ეკოტურიზმის საფუძვლები) (2004, 2008)

წიგნში განხილულია ტურიზმის მდგრადი განვითარება და მისი კავშირი გარემოს დაცვის საკითხებთან; ეკოტურიზმი, როგორც ტურიზმის მდგრადი განვითარების საფუძველი, მისი გარემოსდაცვითი პრინციპები და მახასიათებლები; ეკოტურიზმის დაგეგმვა და მართვა; გარემოს დაბინძურების მინიმიზაციის ღონისძიებები. ნაშრომის დანართში, მაგალითების სახით, მოცემულია ინფორმაცია საქართველოში ეკოტურიზმის განვითარებისათვის სამთავრობო, არასამთავრობო, კერძო ორგანიზაციათა და ინვესტორთა საქმიანობის და მათ მიერ წარმოებული ეკოტურისტული პროდუქტის შესახებ. წიგნის ბოლოს წარმოდგენილია ტურისტულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი. ნაშრომი განკუთვნილია, როგორც ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტების, პედაგოგებისა და ტურიზმის სფეროში დასაქმებული სპეციალისტებისათვის, ასევე, ტურიზმისა და გარემოს დაცვის საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.

British Library Integrated Catalog

წინათქმა

გარემოს ოპტიმალური მდგომარეობის შენარჩუნება ტექნიკის განვითარებისა და ბუნებრივი რესურსების ინტენსიური ათვისების ფონზე კაცობრიობის არსებობის ერთადერთი პირობაა. გარემოს, ბუნებრივი რესურსებისა და კულტურული მემკვიდრეობის  დაცვასა და შენარჩუნებაზე ზრუნვას არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ გლობალური მნიშვნელობა აქვს.
მსოფლიოს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა გარემოსდაცვითი ანუ ეკოლოგიური ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. იგი მნიშვნელოვანი რეკრეაციული რესურსია, რომლის გონივრული გამოყენება არა მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობის, არამედ რეგიონების ჰარმონიული განვითარების საწინდარია.
ეკოლოგია მჭიდრო კავშირშია ეკონომიკის ყველა დარგთან. ამ მხრივ გამონაკლისს არც ტურიზმი წარმოადგენს. ტურიზმის ერთ-ერთი მიმართულების “ეკოტურიზმის” განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ტურისტული საქმიანობის უმთავრესი პრიორიტეტი გარემოს მიმართ სათუთი დამოკიდებულებაა ანუ იგი ქმნის გარემოს დაცვის ეკონომიკურ სტიმულებს. ცნება “ეკოტურიზმი” მოიცავს მოგზაურობის ფართო სპექტრს – მოსწავლეთა შემეცნებითი ტურებიდან რეგულარულ მოგზაურობამდე ეროვნულ პარკებსა და ნაკრძალებში.
მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის ექსპერტთა პროგნოზით XXI საუკუნეში ეკოტურიზმის განვითარება დიდ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს მსოფლიოს ბევრ ქვეყანას, განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებს, რაც ხელს შეუწყობს ამ ქვეყნების, პირველ რიგში, მთიანი რეგიონების ეკონომიკურ წინსვლას.
ნაშრომის მიზანია ტურიზმის ფაკულტეტების სტუდენტებს, ამ დარგში მომუშავე პრაქტიკოსებსა და ტურიზმით დაინტერესებულ ადამიანებს გააცნოს, თუ რას ნიშნავს ეკოლოგიურად მდგრადი გარემო ტურიზმის განვითარებისათვის; რა როლს ასრულებს ამ საქმეში ეკოტურიზმი, როგორც ტურიზმის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი; როგორია ტურიზმის ზეგავლენა გარემოზე და მისი შედეგები; ადგილობრივი მოსახლეობის, ხელისუფლებისა და კერძო სტრუქტურების როლი რეგიონში ეკოტურიზმის განვითარებაში; როგორ ხდება ეკოტურის დაპროექტება, მოგზაურობის დროს ტურისტთა უსაფრთხოების დაცვა და ტურისტული მომსახურების მენეჯმენტი. ნაშრომის დანართში მოცემულია ინფორმაცია სამთავრობო, არასამთავრობო, კერძო ორგანიზაციათა და ინვესტორთა საქმიანობის და მათ მიერ წარმოებული ეკოტურისტული პროდუქტის შესახებ. დასასრულ კი წარმოდგენილია ტურისტულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.
წიგნი მკითხველს დაეხმარება არა მარტო გაერკვეს ეკოტურიზმის საკითხებში, არამედ, შეცვალოს მისი დამოკიდებულება გარემოს მიმართ და როგორც პოტენციურმა ტურისტმა იხელმძღვანელოს ტურისტული სააგენტოების ამერიკის საზოგადოების მიერ შედგენილი ეკოტურიზმის ათი მცნებით.

ეკოტურიზმის ათი მცნება:

იმყოფებით საქმიან მოგზაურობაში, თუ მოგზაურობთ დასვენების მიზნით გახსოვდეთ:

1.  ნუ დაარღვევთ დედამიწაზე არსებულ წონასწორობას.

2.  ნუ დატოვებთ თქვენ შემდეგ ნურავითარ კვალს, გარდა თქვენი ფეხისა. სახსოვრად მხოლოდ ფოტოები წაიღეთ.

3. იმისათვის, რომ თქვენი მოგზაურობა უფრო შინაარსიანი იყოს, ეცადეთ შეისწავლოთ მოსანახულებელი რეგიონის გეოგრაფია, ადათები, ყოფა და კულტურა.

4.  პატივი ეცით სხვის ცხოვრებასა და ღირსებას.

5. ნუ იყიდით ნივთს, რომელიც დამზადებულია ცხოველებისაგან ან მცენარეებისაგან, რომელთაც გადაშენება ემუქრებათ.

6.  ყოველთვის მიჰყევით აღნიშნულ მარშრუტს.

7.  დახმარება გაუწიეთ ბუნების დაცვის ორგანიზაციებს.

8.  გადაადგილდით ფეხით ან “ეკოლოგიურად სუფთა” ტრანსპორტით.

9.  დაეხმარეთ მათ, ვინც თავისი სამუშაოს ფარგლებში ცდილობს ელექტროენერგიის დაზოგვასა და გარემოს დაცვას, წყლისა და ჰაერის მაღალი ხარისხის შენარჩუნებას, ნარჩენების მოცილებას, ნარჩენებისა და ტოქსიკური ნივთიერებების უსაფრთხო გადამუშავებას, ხმაურის დონის შემცირებას, ვინც მაღალი კვალიფიკაციისა და გარემოს დაცვის ჭეშმარიტი პრინციპებისაკენ მოწოდებულ პროფესიონალებს ზრდის.

10. გაეცანით იმ ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებიც მისდევენ გარემოს დაცვის ტურისტული სააგენტოების ამერიკის საზოგადოების ძირითად მიმართულებებს საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ტურიზმში.

რედაქტორი:
დ. ონოფრიშვილი – ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი

რეცენზენტები:
გ. ქაჯაია – ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ი. ხელაშვილი – გეორგაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ზ. ღუღუნიშვილი – პროფესორი

3 Responses

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *